четверг, 1 октября 2015 г.

ფსიქოსტიმულატორები

   წამლების ამ ჯგუფში გაერთიანებულია მსუბუქი სტიმულატორები, რომელთა შორის ყველაზე კარგადაა ცნობილი კოფეინი და უფრო ძლიერი სტიმულანტები ამფეტამინი და მეთილფენიდატი. პემოლინს აქვს შუალედური ეფექტი. კოკაინი ძლიერი სტიმულანტია, რომელიც იწვევს ძლიერ წამალდამოკიდებულებას. ის გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიისთვის და სხვა კლინიკური ჩვენება არ აქვს. ყველა ეს ფსიქოსტიმულანტი ზრდის დოფამინისა და ნორადრენალინის გამოთავისუფლებას და აბლოკირებს მათ უკუმიტაცებას. ახალი ნივთიერება მოდაფინილი, ზრდის სიფხიზლეს და ამცირებს ძილიანობას კატექოლამინური მექანიზმების გარეშე. მოდაფინილი ლიცენზირებულია ნარკოლეფსიის სამკურნალოდ. ჩვენებები ამფეტამინებს იყენებდნენ მრავალი მიზნით, მაგრამ უკანასკნელ ხანს, დამოკიდებულების განვითარების მაღალი რისკის გამო, უფრო იშვიათად ნიშნავენ. არაადეკვატურია მათი მიღება სიმსუქნის გამო. მოზრდილებს ამფეტამინებს უნიშნავენ ნარკოლეფსიის დროს. მეთილფენიდატით მიღებულია ყურადღების დეფიციტის სინდრომის მკურნალობა ბავშვებში. ის, ასევე, ეფექტურია მოზრდილებში, რომლებსაც ყურადღების დეფიციტის სიმპტომები უგრძელდებათ, თუმცა მოზრდილებში ყურადღების დეფიციტის სინდრომის დიაგნოზი და მისი მკურნალობა ჯერჯერობით საკამათოა. წარსულში ამფეტამინებს ფართოდ იყენებდნენ დეპრესიის მკურნალობისას, მაგრამ ის ჩაანაცვლა ანტიდეპრესანტებმა. ზოგი სპეციალისტი, ძირითადად აშშ-ში, დღესაც მიიჩნევს, რომ ფსიქოსტიმულანტები ცალკე ან სხვა ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში გარკვეულწილად ეფექტურია რეზისტენტული დეპრესიული აშლილობების დროს. ფსიქოსტიმულანტების გამოყენების გარკვეული ინტერესი არსებობს მოხუცებულობის ასაკის დეპრესიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა სამედიცინო დაავადებაც. ასე რომ, დეპრესიის დროს ფსიქოსტიმულანტებით მკურნალობის ხელაღებით უარყოფა გაუმართლებელია.
   ფსიქოსტიმულატორები უნდა გამოიყენონ იმ კლინიცისტებმა, რომლებსაც აქვთ რეზისტენტული დეპრესიის ფსიქოფარმაკოლოგიური მართვის სპეციფიკური გამოცდილება. მოდაფილინს წარმატებით იყენებდნენ ძილიანობისა და დაღლილობის სამკურნალოდ დეპრესიის მქონე პაციენტებში, რომლებიც სუსი-ებს იღებდნენ. ძირითადი პრეპარატია დექსამფეტამინის სულფატი, რომლის საწყისი დოზა ნარკოლეფსიის დროს არის 10მგ/ დღ, დაყოფილი რამდენიმე მიღებაზე. დოზის მატება ხდება მაქსიმუმ 50მგ-მდე დღეში, ყოველკვირეული 10მგ-ის მომატებით. ძირითად პრეპარატებს მიეკუთვნება მეთილფენიდატი, რომელსაც დექსამფეტამინის სულფატის მსგავსი ეფექტი აქვს. ნარკოლეფსიის დროს მოდაფინილი ინიშნება დოზით  200-400მგ. არასასურველი ეფექტები: ესაა მოუსვენრობა, ინსომნია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ტრემორი, პულსაციის შეგრძნება და კარდიული არითმია. დიდი დოზების ტოქსიკური ეფექტია დეზორიენტაცია, აგრესიული ქცევა, ჰალუცინაციები, გულყრები და კომა. მუდმივი ბოროტად გამოყენება იწვევს პარანოიდული შიზოფრენიის მსგავს პარანოიდულ მდგომარეობას. ამფეტამინებმა მაოი-ებთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია, რაც ტრიციკლურებთან კომბინირებისას ნაკლებია. მათი უკუჩვენებაა კარდიო-ვასკულური დაავადება და თიროტოქსიკოზი. მოდაფილინის მიღებას შეიძლება ახლდეს პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, შფოთვა და ინსომნია.

Комментариев нет:

Отправить комментарий